,,მე სიცოცხლეზე, ადამიანებზე შეყვარებული ოპტიმისტი კაცი ვარ, " - ამტკიცებს ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი ერიკ ემანუელ შმიტი. თაყვანისმცემლები თვლიან, რომ მისი წიგნები ადამიანებს კურნავს. თავად ავტორი კი ამტკიცებს, რომ კაცობრიობისადმი სიყვარული უნერგავს მას სიკეთეს. ფრანგი მწერლის თხზულებათა გმირები ისტორიული ფიგურები, ლიტერატურული სახეები, ბიბლიური პერსონაჟები არიან. ერთი შეხედვით, თითქოს მათზე უკვე ყველაფერი ითქვა, დაიწერა. შმიტი კი ახალ საიდუმლოებებს ააშკარავებს, ცდილობს ახსნას მათი ქმედებები და პოულობს თავის პასუხებს.
შმიტის პიესა „იდუმალი ვარიაციები“ მარადისობისაგან ბრძოლით მოპოვებულ სიყვარულზეა, სიყვარულზე, რომელიც სულაც არ არის დამოკიდებული არც გეოგრაფიაზე და არც ქრომოსომათა რაოდენობაზე. პიესა ორზეა. სიუჟეტი მთის მდინარის დინებასავით იდუმალი და ცვალებადია. სიყვარული და ფილოსოფია... მიწიერი და არამიწიერი...
ამ მრავალსახოვანი პიესის მთავარი არსი კი ის არის, რომ შეუძლებელია ბოლომდე გაუგო სხვა, თუნდაც საყვარელ ადამიანს. მისი სული ,,ამოუხსნელი ვარიაციასავითაა", რომლის მელოდიაც დროდადრო თითქოს ჩაგესმის, მერე კი იკარგება ქაოსში ან სხვა მელოდიათა ჰარმონიაში.